Wednesday, July 11, 2018

იაპონია

2011 წელს იაპონიაში მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვა. იმ პერიოდში ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" ახლად წაკითხული მქონდა და მომაფიქრდა, რომ ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი ჩემებურად აღმეწერა. დატკბით!

  ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. მისი ალის ნათება იქვე მდგარ ორ სავარძელზე მოკალათებული ადამიანების სახეებს დასთამაშებდა. სავარძლების წინ პატარა ხის მაგიდა იყო. მაგიდის ქვეშ მოზრდილი კატა წამოგორებულიყო, მუცელზე გაწოლილიყო და სული გაენაბა.
  მარცხენა სავარძელზე გამხდარი კაცი იჯდა, სახის მარჯვენა ნახევარი ცეცხლის შუქით იყო განათებული, ხოლო მარცხენა - სიბნელეში შთანთქმულიყო. შავი თვალით ერთ წეტილს მიშტერებოდა. ფიქრობდა.
  მარჯვენა სავარძელზე მჯდომი კაცი მას მოლოდინით შესცქეროდა, მის მზერაში ერთდროულად შიშიც იკითხებოდა, მოკრძალებაც და ცნობისმოყვარეობაც. სახეზე ღიმილი შეჰყინვოდა. პენსნე ეკეთა, რომლის ერთი მინა გაბზარული იყო.
  - მესიე... - სიჩუმე პენსნიანმა დაარღვია. - მოიფიქრეთ?
  - კარგი, ჯანდაბას, ფაგოტ, ამჯერად წავალ დათმობაზე...
  - გმადლობთ, ბატონო ვოლანდ, - უპასუხა ფაგოტმა, ზეზე წამოხტა, ჯიბიდან პატარა შავი ყუთი ამოაძვრინა და კვლავ დაჯდა. კოლოფი მაგიდაზე დადო. კატას გაეღვიძა, ორ ფეხზე წამოდგა, გაიჭიმა და გემრიელად გაიზმორა. მან ჯერ ფაგოტს შეხედა, შემდეგ ვოლანდს და იკითხა:
  - რა გადაწყვიტეთ, ბატონო?
  ფაგოტმა აღტაცებით მიუგო:
  - თანახმაა...
  - რამდენი ხანია ეს არ მინახავს... - ჩაილაპარაკა კატამ და მაგიდასთან მდგარ პატარა ტაბურეტზე მოკალათდა. - მესიე, მთელი გულით თქვენ გგულშემატკივრობთ.
  ფაგოტმა რაღაც გაურკვევლად ჩაიბურტყუნა.
  ვოლანდმა თვალი ყუთისკენ გააპარა. ყუთი თავისით თუ ვოლანდის ოინებით გაიხსნა და მისი სიღრმიდან ორი შავი კამათელი ამოფარფატდა, რომელზეც სისხლისფრად იყო ამოტვიფრული წერტილები.
  - იცოდე, ფაგოტ, ეს უკანასკნელად ხდება! - კბილებიდან გამოსცრა მან.
  - ვიცი, მესიე, ვიცი. ამჯერად მე გავიმარჯვებ...
  - როგორ გაიმარჯვებ შენ იმასთან, ვინც აზარტი მოიგონა?! - უთხრა კატამ და გადაიხარხარა.
  ფაგოტმა კამათელი აიღო ხელში. საბრძოლველად იყო განწყობილი. ვოლანდი სავარძლიდან წინ წამოიხარა, მაგიდას მოუახლოვდა და სინათლე მის მარცხენა მწვანე თვალს დაეცა.
  - თუ წააგებ, 100 წელი ადუღებულ კუპრში გაბანავებ. თუ მოიგებ, ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ. მგონი, თანახმა ხარ, არა?
  ფაგოტმა ნერწყვი გადაყლაპა და თავი დაუქნია.
  - თანახმა ვარ.
  მან კამათლები გააგორა.
  მათი ბზრიალი და გორაობა თითქოს წუთებად და საათებად გაიწელა. კატა აღტაცებული უყურებდა კამათლებს, თვალს ვერ წყვეტდა მათზე დატანილ წითელ ძვირფას ქვებს. ვოლანდი დაკვირვებით უცქერდა მათ, მის მზერაში ეჭვის ნატამალსაც ვერ შენიშნავდით, დარწმუნებული იყო მოგებაში, თითქოს გამარჯვებისთვის იყო შექმნილი.
  ფაგოტი შეშინებული უყურებდა კამათლებს. ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა კუპრის ხუთწლიანი აბაზანა, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ მიიღო თამაშის წაგების საფასურად. ახსოვდა ის ტანჯვა და ახლა აშინებდა ის, რომ წაგების შემთხვაში ოცჯერ უფრო ხანგრძლივი აბაზანის მიღება მოუწევდა.
  კამათლები ადგილზე გაქვავდნენ. ორი ექვსიანი დამჯდარიყო.
  ფაგოტი ღრიალით წამოხტა.
  - არის! არის! არის ! მე მოვიგე! მე მოვიგე! - ღრიალებდა მთელი ხმით იგი.
  კატა პირდაღებული ჯერ კიდევ კამათლებს მისჩერებოდა. არ სჯეროდა, რომ ვიღაცამ მის ბატონს მოუგო.
  ვოლანდი კი გაღიმებული ფაგოტს მისჩერებოდა. არავინ არ იცოდა რაზე ფიქრობდა ის, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ წაგებით კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ეს .
  - ფაგოტ! ფაგოტ! - დაუძახა მან, მაგრამ ვერ გააგონა.
  თითები დაატკაცუნა და ფაგოტს ხმა ჩაუვარდა, ტუჩებს უხმოდ და უაზროდ ამოძრავებდა.
  - მითხარი, რა გსურს? - ჰკითხა ვოლანდმა და თითების კიდევ ერთი გატკაცუნებით ხმა დაუბრუნა.
  ფაგოტი დაფიქრდა, შემდეგ კი სამი ნაბიჯი გადადგა წინ.
  - მესიე, რამდენი ხანია თქვენი გამანადგურებელი ძალა არ გვინახავს მე და ბეჰემოთს, - კატამ თავი დაუქნია. - ჰოდა, იქნებ გვანახოთ, ოღონდ მცირე მასშტაბებით.
  ვოლანდმა მას შეხედა. ნასიამოვნები ჩანდა.
  - კარგი ფაგოტ, განახებთ. რა დროა ბეჰემოთ?
  კატამ უცებ საათის მაგვარი მოწყობილობა გააჩინა ჰაერში და ზედ დახედა.
  - ორი ათას თერთმეტი წლის თერთმეტი მარტი.
  ვოლანდმა კედელზე გაკრულ რუკის მაგვარ ქაღალდს შეხედა, რომელიც ჩამოიხსნა და მასთან მიფრინდა. ცოტა ხნით უკირკიტა ამ ფურცელს ბატონმა და შემდეგ თავი ასწია.
  - ერთ კუნძულზე პატარა ბიძგი უნდა დაფიქსირდეს ცოტა ხანში, მაგრამ ჩემო ერთგულო მსახურებო, მე თქვენ კვლავ გაჩვენებთ, თუ რა დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს პატარა ბიძგსაც კი .
  ფაგოტი აღტაცებისგან შეხტა.
  - რა ჰქვია მაგ კუნძულს, მესიე?
  ვოლანდმა გაიღიმა და მეტალის კბილები გამოაჩინა.
  - იაპონია...

No comments:

Post a Comment

იაპონია

2011 წელს იაპონიაში მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვა. იმ პერიოდში ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" ახლა...